X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

გამყოფი ხაზის სოფლებში სახელმწიფოს 2019 წელს 64 მლნი ლარის მიმდინარე და დაგეგმილი 191 პროექტი აქვს

6 სექტემბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა  პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ 2019 წელს ამ დასახლებებში სახელმწიფო ახორციელებს და დაგეგმილი აქვს 64 მილიონი ლარის პროექტი.

„გამყოფ ხაზთან გვაქვს 116 დასახლება, სულ 10 მუნიციპალიტეტში და ყველა ამ დასახლებაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ სოფლებს დიდი ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი სამინისტრო არის „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ კოორდინატორი და მოკლედ გეტყვით ძირითად მონაცემებს: მხოლოდ 2019 წელს გვაქვს 64 მილიონი ლარის მიმდინარე და დაგეგმილი 191 პროექტი. გზის ინფრასტრუქტურის ნაწილიში 10 სოფელში მიდმინარეობს 20 მილიონი ლარის 8 პროექტი, 2019 წლის დასაწყისში რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასრულდა წყლის პროექტის პირველი ეტაპი და უკვე დავიწყეთ მეორე ეტაპი. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, 21 სოფლის 16 ათას მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მიმდინარეობს 9 ამბულატორიის მშენებლობა, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში უკვე მოეწყო და აღიჭურვა 45 ამბულატორია. 2 სოფელში მიმდინარეობს ბაგა-ბაღების პროექტირება-მშენებლობის პროექტი, 8 სოფელში - სკოლების რეაბილიტაცია და 2 ახალი სკოლის მშენებლობა. რაც შეეხება გათბობის უზრუნველყოფას, 2013-2019 წლებში ამ დასახლებებისთვის გამოიყო  10 მილიონი ლარის შეშა. 6000 მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლების საფასური, გვყავდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ 205 ბენეფიციარი, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლა 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა და განხორციელდა 62 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები.“